-
ვაკანსიები ბევრია, თქვენ რომელს ირჩევთ?
სამუშაოს მოძებნის პროცესი დაიწყეთ პირველ რიგში თვითშეფასებით: დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „რომელი სპეციალობით მსურს მუშაობა?“ გააკეთეთ იმ სპეციალობების მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც შეგიძლიათ რომ აირჩიოთ.
თუ თქვენ უკვე გაქვთ რომელიმე სპეციალობა (მაგალითად, საუნივერსიტეტო განათლება ამ სფეროში), ასევე გარკვეული გამოცდილება აღნიშნული ან მსგავსი სპეციალობით მუშაობის, მაშინ ცხადია ისევ ამ სპეციალობით მუშაობის გაგრძელება იქნება ლოგიკური.
ზოგჯერ ადამიანი ირჩევს ისეთ ახალ პროფესიას, რომელშიც მას არანაირი ცოდნა და გამოცდილება არა აქვს და ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილის შოვნის შემდეგ მოახერხებს ამ პროფესიის ადგილზევე დაუფლებას. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ეს ადვილი არ არის და გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანია.
გაითვალისწინეთ, ახალ სამსახურში თქვენს მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაო (იმის გამო, რომ ჯერ კიდევ გამოცდილება არ გაქვთ და ყველაფერი კარგად ვერ გამოგივიდათ) შესაძლოა გახდეს ხელმძღვანელის უკმაყოფილების მიზეზი.
სანამ სამუშაოს მოძებნას დაიწყებთ, ყურადღებით და დაკვირვებით შეადგინეთ თქვენი რეზიუმე ანუ CV.
CV – ეს არის ერთგვარი საინფორმაციო ფურცელი, სადაც იწერება მოკლედ ინფორმაცია პიროვნების, მისი განათლების, სამუშაო გამოცდილების და გარკვეული უნარების და ცოდნის შესახებ, ასევე საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელ. ფოსტა), რომლითაც შეიძლება ამ პიროვნებასთან დაკავშირება. რეზიუმე ანუ CV დამსაქმებელს ეხმარება პირველადი შთაბეჭდილებით შეაფასოს, შეესაბამება თუ არა ეს პიროვნება რომელიმე კონკრეტულ ვაკანსიას.
თქვენ რეზიუმეს აგზავნით დამსაქმებელთან, რომელიც თქვენ არ გიცნობთ, შესაბამისად, რეზიუმე წარმოადგენს პირველად შთაბეჭდილებას, რომელიც შეიძლება შეექმნას მას თქვენს შესახებ.
-
შეადგინეთ რეზიუმე: თქვენი რეზიუმე თქვენი სახეა
მრავალი დამსაქმებელი ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენად პროფესიონალური რეზიუმე აქვს მაძიებელს, შესაბამისად ფიქრობს, რომ ასევე პროფესიონალური იქნება ეს პიროვნება სამუშაოს შესრულებისას, ხოლო არაეფექტური რეზიუმეს შემთხვევაში, შესაძლოა საერთოდ გვერდზე გადადოს და არც კი წაიკითხოს იგი. დამსაქმებლისთვის მარტივია იმის წარმოდგენა, რომ არაპროფესიონალურად შედგენილი რეზიუმეს ავტორი სამსახურშიც არაპროფესიონალურად მოეკიდება მისთვის მიცემულ დავალებას.
მოდით წარმოიდგინეთ, თითქოს თქვენი დამსაქმებლისგან უკვე მიიღეთ პირველი დავალება – ეფექტური რეზიუმეს შედგენა, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ ამ საქმეს. რეზიუმეს შედგენისას დააკვირდით, რომ მასში არ გაგეპაროთ გრამატიკული შეცდომები, ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენს სურათს, რომელიც რეზიუმეს თან ახლავს.
„ერთხელ, ინგლისურის ენის პედაგოგის პოზიციაზე მივიღეთ ერთგვერდიანი რეზიუმე, რომელშიც დაახლოებით 8-9 გრამატიკული შეცდომა იყო გაპარული, ცხადია, ასეთი შეცდომების შემდეგ რეზიუმეს ბოლომდე წაკითხვა მხოლოდ ღიმილს იწვევდა ჩვენში.“
„კომპიუტერის სპეციალისტის ვაკანსიაზე მივიღეთ რეზიუმე, რომელსაც თან ახლდა ფოტოსურათი – ზრდასრული მამაკაცი ვეებერთელა ქვაზე იჯდა. ცხადია, ამ და მსგავს შემთხვევაში მაძიებლის დასაქმების შანსები ფაქტიურად ნულს უტოლდება. ამ შემთხვევაში აპლიკანტი ქვის მაგივრად კომპიუტერთან რომ მჯდარიყო, ცხადია ბევრად უფრო მეტი შანსი ექნებოდა დასაქმების.“
შეეცადეთ სურათი იყოს გადაღებული საქმიან გარემოში. მოერიდეთ საშინაო ტანსაცმელში, საძინებელში, სამზარეულოში, ან მეგობრებთან ერთად გადაღებული სურათების გაგზავნას.
რეზიუმეს შედგენისას ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ ქვემოთ მოცემულ დეტალებზე, რომლებიც დამსაქმებლის თვალში გარკვეულ პლიუსად ჩაგეთვლებათ:
რეზიუმე თქვენი სახელითა და გვარით, ეს მნიშვნელოვანია. არ დაარქვათ მას მხოლოდ CV, ან მაგალითად, მხოლოდ თქვენი სახელი, მაგალითად: Natia CV, Giorgi CV, ჩემი CV და სხვა მსგავსი. გაითვალისწინეთ, დამსაქმებელი ასობით რეზიუმეებს იღებს სხვადასხვა მაძიებლებისაგან, რომელთაგან 80%-ს აწერია CV ან რაიმე სახელი და CV. ამიტომ ადვილად შეიძლება, რომ თქვენი CV სხვა აპლიკანტების რეზიუმეებში აერიოს. დაარქვით თქვენი სახელი და გვარი სრულად, ეს გაუადვილებს დამსაქმებელს თქვენი რეზიუმეს ადვილად პოვნაში და მათ დახარისხებაში.
გადაამოწმეთ საკონტაქტო მონაცების სისწორე. ხშირად რეზიუმეში მითითებულია მოძველებული ან არასწორი საკონტაქტო მონაცემები (მაგალითად, შეცდომით ელ. ფოსტა ან მობილური ტელეფონი, რომელიც გამორთულია). ასეთ შემთვევაში, ცხადია დამსაქმებელს გაუჭირდება თქვენთან დაკავშირება.
დამსაქმებელს გადაუგზავნეთ რეზიუმე PDF ფაილში. ამისათვის ჯერ რეზიუმე შეადგინეთ Microsoft Word ფაილში, შემდეგ შეინახეთ PDF ფაილში (Word-ის მენიუდან აირჩიეთ File > Save As> Save As Type > PDF) და PDF ფაილი გადაუგზავნეთ დამსაქმებელს. ამით რას მოიგებთ? ჯერ ერთი დამსაქმებელი იფიქრებს რომ Microsoft Word-დან PDF-ში გადაყვანა კარგად იცით, მეორეც, თქვენ PDF რეზიუმე გაქვთ, რაც უფრო პრესტიჟულია, და მესამე, დამსაქმებელს ეს მოუხსნის თქვენი რეზიუმის წაკითხვის ტექნიკურ პრობლემას, რომელიც ზოგჯერ Microsoft Word-ის ვერსიების და სხვადასხვა კომპიუტერული შრიფტების გამო იქმნება. შეინახეთ თქვენთვის რეზიუმეს Microsoft Word-ის ვერსია, სადაც შეგეძლებათ ნებისმიერ დროს ცვლილებები და დამატებები შეიტანოთ.
-
პროფესიონალური რეზიუმე: ცოდნა დაადასტურეთ სერტიფიკატებით
კარგი რეზიუმეს შედგენა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად. თქვენს მიერ შედგენილი რეზიუმე მხოლოდ ცარიელ სიტყვებად რომ არ დარჩეს, დაადასტურეთ თქვენი ცოდნა შესაბამისი დოკუმენტებით – სერთიფიკატებით, დიპლომებით და რეკომენდაციო წერილებით.
რეზიუმეში ხშირად მითითებულია, რომ მაძიებელს აქვს ესა თუ ის ცოდნა (მაგალითად, ინგლისური ენის, კომპიუტერის). როგორ უნდა გაარკვიოს დამსაქმებელმა რეალურია თუ არა ეს ცოდნა? ცხადია მას არა აქვს დრო და შესაძლებლობა ყველა კანდიდატი შეამოწმოს. გაითვალისწინეთ ეს, და გაუადვილეთ მას საქმე. თუ უცხო ენა იცით, რეზიუმეში მიუთითეთ თუ მიღებული გაქვთ რომელიმე უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (FCE, CAE, IELTS, TOEFL) ან თუ კომპიუტერული საოფისე პროგრამები იცით, კომპიუტერის ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატი (მაგალითად, ECDL). პირველ ეტაპზე შეგიძლიათ სერტიფიკატების მხოლოდ რეზიუმეში მითითებით დაკმაყოფილდეთ და მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელს მიაწოდოთ უშუალოდ სერტიფიკატის ასლი.
მიაქციეთ ყურადღება, რომ არსებობს ინგლისური ენის მოსწავლის ან მასწავლებლის სერტიფიკატები, შესაბამისად თუ მასწავლებლის ვაკანსიაზე შეგაქვთ განაცხადი იქ უმჯობესია წარადგინოთ მასწავლებლის (და არა მოსწავლის) სერტიფიკატები (მაგალითად, TKT, CELTA, TEFL). ასევე ზოგიერთ სამუშაოზე მოითხოვება სპეციალისტის სერტიფიკატები, ამიტომ თავიდანვე უნდა იზრუნოთ სერტიფიკატების ასაღებად, შესაბამისად შემდგომ ბევრად უფრო იოლი იქნება დამსაქმებლის დარწმუნება, რომ თქვენ ზუსტად ის კადრი ხართ, ვინც მას სჭირდება.
თუ სერტიფიკატები არ გაქვთ, წარადგინეთ სარეკომენდაციო წერილები. სთხოვეთ თქვენს დამსაქმებელს, სადაც ამჟამად მუშაობთ დაგიწეროთ სარეკომენდაციო წერილი. ამაში ახლა თუ რამოდენიმე წუთს დაკარგავთ, მერე იგი დიდ სამსახურს გაგიწევთ მომდევნო დასაქმებელთან.
-
რეზიუმეს დაგზავნა
დავუშვათ, რომ რეზიუმე უკვე შედგენილია და თქვენ ახლა უკვე გიდევთ წინ გასაგზავნად გამზადებული თქვენი რეზიუმე, თანდართული სარეკომენდაციო წერილი და სერტიფიკატებით. ცხადია, შემდგომი თქვენი ამოცანაა, რომ ეს რეზიუმე მოხვდეს შესაფერის დამსაქმებელთან. რეზიუმეს დაგზავნა იოლ საქმედ არ შეიძლება ჩაითვალოს.
