ზოგჯერ შემოთავაზებული სამუშაო არის დაბალ ანაზღაურებადი, თუმცა მაინც არსებობს გარკვეული სარგებელი, რაც შეიძლება მოგვცეს ასეთმა სამუშაომ. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ – „უქმად ჯდომას, უქმად შრომა ჯობია“-ო.
სარგებელი პირველი, ეს არის გარკვეული გამოცდილების მიღება – სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვანი „კაპიტალია“, რომელსაც ადამიანი აგროვებს თავისი ცხოვრების მანძილზე. გამოუცდელი თანამშრომლის მიღება დამსაქმებლისათვის არახელსაყრელია, ამიტომ სამუშაოს მაძიებელს იგივე სფეროში ცოტა გამოცდილება მაინც თუ აქვს, უფრო მეტი შანსია რომ დასაქმდეს. დაბალ ანაზღაურებად სამუშაოზე გამოცდილების მიღების შემდეგ, არსებობს მეტი ალბათობა, რომ თუ გამოჩნდა უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, იქ თქვენი დასაქმების შანსები ერთი-ორად გაიზრდება.
სარგებელი მეორე, თუნდაც მცირედი ხელფასი, მაგრამ საჭირო დროს, შესაძლოა დიდი შვება იყოს თქვენთვის. მაგალითად, მას გამოიყენებთ ყოველთვიური ხარჯების დასაფარად, ან დავალიანების გასასტუმრებლად, ხანდახან ღირს ასეთ სამსახურზე დათანხმებაც. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ გარკვეული დროის შემდეგ დაანებოთ ამ სამსახურს თავი.
სარგებელი მესამე – პერსპექტივა და საჭირო ინფორმაციის სხვებზე ადრე მოპოვება. არსებობს კომპანიები, სადაც მნიშვნელოვანია ამ გარემოში შეღწევა. თუნდაც გარკვეულ დაბალანაზღაურებად სამსახურზე დათანხმება ნიშნავს, რომ თქვენ ფაქტიურად შეაღწევთ ამ კომპანიაში, ახლოს გაიცნობთ თანამშრომლებსა და მენეჯმენტს. მუდმივი არაფერია, ცხადია არსებობს უამრავი შანსი, რომ კარგად მუშაობის შემთხვევაში თქვენ შეგამჩნევენ ხელმძღვანელები და დაგაწინაურებენ. ასევე კომპანიაში თუ ტრიალებთ, თქვენ პირველი გაიგებთ ინფორმაციას თქვენი კოლეგებისგან გამონთავისუფლებული (ვაკანტური) ადგილების შესახებ.
სარგებელი მეოთხე – სასიამოვნო სამსახური. ზოგჯერ სამსახურს მოაქვს გარკვეული სიამოვნება, რაც ადამიანს ანიჭებს უფრო მეტად ბედნიერებას, ვიდრე მისგან მიღებული ანაზღაურება. ეს სავარაუდოდ ეხება ხელოვნებასთან, კულტურასთან ან ინტელექტთან დაკავშირებულ სამუშაოებს, როდესაც თვითონ სამუშაოს შესრულება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის და დათანხმდეთ, დაბალი ხელფასის მიუხედავად.
